საქართველოს შესახებ

ტერიტორია – 69 700 კვადრატული კილომეტრი. 

ესაზღვრება: აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთ – დასავლეთით – თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთით – სომხეთი, ჩრდილოეთით – რუსეთის ფედერაცია.

გეოგრაფია: საქართველო განირჩევა რთული რელიეფით. ტერიტორიის თითქმის 80% მთაგორიანია.

მდებარეობა: უკიდურესი დას. და აღმ. საზღვრები გადის ა.გ. 40° 05’ და 46° 44’, ხოლო სამხრ.და ჩრდ. საზღვრები – ჩ.გ. 41° 07’ და 43° 35’.  

დედაქალაქი: თბილისი (მოსახლეობა 1 092 900). სხვა დიდი ქალაქები: ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი.  

მოსახლების ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები – 83, 8%, აზერები – 6,5%, სომხები – 5, 7%, რუსები – 1,5%, ოსები– 0,9%, ბერძნები– 0,3%, უკრაინელები – 0,2%, აფხაზები – 0,1%, ებრაელები – 0,1%, სხვები – 0,1%. 

სახემწიფო ენა: ქართული, აფხაზეთის ტერიტორიაზე – ქართული და აფხაზური.

ეროვნული ვალუტა: ლარი 

დასვენების ოფიციალური დღეები: 1-ლი იანვარი – ახალი წელი, 7 იანვარი – შობა, 19 იანვარი – ნათლისღება, 3 მარტი – დედების დღე, 8 მარტი – ქალთა დღე, აღდგომა, 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 28 აგვისტო – მარიამობა (წმინდა ღვთისმშობლის მარიამის მიძინების დღე), 14 ოქტომბერი– სვეტიცხოვლობა (საეკლესიო დღესასწაული – სვეტი ცხოველის დღე), 23 ნოემბერი – გიორგობა (წმინდა გიორგის ურმის თვალზე წამების დღე). 

საქართველოს ისტორიის გმირული ფურცლები

საქართველოსთან დაკავშირებული მითები და ლეგენდები

პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოიხსენიება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კოლხეთის სამეფოა. პირველად იგი მოხსენიებულია ბერძენი ავტორების პინდარისა და ესქილეს მიერ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 და 500 წლებს შორის საქართველოს სანაპიროზე გაჩნდა ბერძნული სავაჭრო ახალშენები და კოლონიები -  ფასისი (ამჟამინდელი ფოთი), ფიჭვნარი (ქობულეთი), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (პიცუნდა)და სხვა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე V –ის დასასრულისათვის კოლხებმა დაკარგეს პოლიტიკური ზეგავლენა მეზობელ ტომებზე და კოლხეთის სამეფოს ტერიტორია ამის შემდეგ მდინარე რიონის ველით შემოიფარგლებოდა. სწირედ კოლხეთში მოვიდნენ არგონავტები იასონის  ხელმძღვანელობით ოქროს საწმისის წასაღებად. ამ თქმულებაში ნახსენები გეოგრაფიული ადგილების უმრავლესობა სრულიად რეალურია და საკმაოდ დეტალურად და ზუსტად არის აღწერილი. არგონავტების მოგზაურობის მიზანი იყო კოლხეთი – თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორია, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ბერძნული კოლონიები ჩამოყალიბდა. ბერძნები კოლხეთს “ოქროთი მდიდარს” უწოდებდნენ. ძველი საბერძნეთის გეოგრაფი სტრაბონი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე I-ლი და ჩვენი წელთაღრიცხით I-ლი საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა, წერდა: (არგონავტების) მოგზაურობის ნამდვილ მიზეზს წარმოადგენდა კოლხეთის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლითა და რკინით”. აღწერა რა კოლხეთის ოქროს მატარებელი მდინარეები და ბანჯგვლიანი ტყავით ოქროს მოპოვების იქ დამკვირდებული ხერხი,  სტრაბონმავე გამოთქვა მოსაზრება ოქროს საწმისის რეალურ პირველსახეზე. ეს ხერხი თითქმის უკანასკნელ ხანებამდე შემორჩენილი იყო კოლხეთის მთიან რაიონებში (დღევანდელ სვანეთში). XX საუკუნის 40-იან წლებში ეთნოგრაფები ასე აღწერდნენ მას: “ფიცარზე დაჭიმულ ან სხვა რომელიმე ხერხით გასწორებულ ცხვრის ტყავს ათავსებენ მდინარეში და ისე ამაგრებენ, რომ დინებამ არ წაიღოს, თანაც ისე, რომ ტყავის ბეწვი მიმართული იყოს ზევით. დასველებული ბეწვი აკავებს ოქროს ნაწილაკებს. გარკვეული დროის შემდეგ ტყავი ამოაქვთ წყლიდან  და აგებენ მიწაზე გასაშრობად. შემდეგ გამშრალ ტყავს ძლიერად ბერტყავენ, რომ იქიდან  ოქროს ნაწილაკები გადმოცვივდეს».

←  სექციების სია

ქრისტიანობის მიღება

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება უკვე I საუკუნიდან დაიწყო. ქრისტიანობას აქ მოციქულები წმ. ანდრია, სიმონ ქანონელი  და მათე ქადაგებდნენ. ქრისტიანობის მიღებამდე საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული იყო მიტრაიზმი და ზოროასტრიზმი.

მირიანის (IV საუკუნე, ცნობილია ასევე , როგორც წმინდა მირიანი) – იბერიის ნახევრად ლეგენდარული მეფის ცოლმა ნანამ 314 წელს ნინო კაბადოკიელისგან მიიღო ქრისტიანობა, რის შემდეგაც ქრისტიანთა რიცხვი ამ მხარეში სწრაფად იზრდებოდა. ასეთ სიტუაციაში მირიანმა ისარგებლა შემთხვევით, რომ აღეკვეთა ირანის ზეგავლენა და გაენადგურებინა კერპთაყვანისმცემელი ქურუმების მდიდარი წოდება. ლეგენდის თანახმად, როდესაც მეფე ნადირობდა მცხეთის მიდამოებში, “შუადღე იქნებოდა, როცა დაბნელდა მზე მთის თავზე და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი და დაიპყრო ბნელმა არენი და ადგილნი” და მეფე ვერაფერს ხედავდა. შეძრწუნებულმა მეფემ შველისათვის თხოვნით მიმართა “ნინოს ღმერთს”. ლოცვის დამთავრებასთან ერთად დაბრუნდა სინათლე და მეფემ შესძლო მცხეთაში დაბრუნება. დასრუნებისთანავე ის შეხვდა ნინოს და მალე ამის შემდეგ მოინათლა და ქრისტიანობა მიიღო. სავარაუდოდ 327 წელს მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ივერიაში და აკრძალა კერპთაყვანისმცემლობა. ამ პერიოდიდან დაწყებული, საქართველოში აღინიშნება  სახელმწიფოს აღმშენებლობა, წარმატებით ვითარდება მეცნიერება   და კულტურული მოღვაწეობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცნობილი მეცნიერ ფილოსოფოსების პეტრე იბერიელისა და იოანე ლაზის მოღვაწეობა. IV საუკუნეში ფასისში(ფოთი) ფუნქციონირებდა რიტორიკისა და ფილოსოფიის სკოლა, ითარგმნებოდა უძველესი წიგნები და ხელნაწერები. შეიქმნა ქართული კულტურის ისეთი  ძეგლები, როგორიცაა “შუშანიკის წამება” – V საუკუნე, “ევსტატე მცხეთელის მარტვილობა ” – VI საუკუნე და სხვა. მირიანმა ააშენა ტაძარი მცხეთაში, რომლიც ადგილზეც დღეს აღმართულია პატრიარქის საკათედრო ტაძარი სვეტიცხოველი.  

←  სექციების სია

ვახტანგ I გორგასალი

მეფე ვახტანგ I (დაახლ. 440-502) – 15 წლის იყო, როცა  ქართლის (აღმოსავლეთი საქართველო) სამეფო ტახტზე ავიდა. ამ პერიოდისათვის ქართლი განიცდიდა სამხრეთიდან სპარსელების, ხოლო ჩრდილოეთიდან ოსების შემოტევებს. დასავლეთ საქართველოშიც არ იყო უკეთესი მდგომარეობა, ბიზანტიელებმა ქვეყანა დაიპყრეს ეგრისიდან (სამეფო, რომელსაც ეკავა ყოფილი კოლხეთის სამეფოსა და ამჟამინდელი  არ აღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორია) ციხეგოჯამდე. ტახტზე ასვლისთანავე ქართლის ახალგაზრდა მეფემ ვახტანგმა მოიწვია სამეფო კარი და თავის ქვეშევრდომებს ბრძნული სიტყვით მიმართა. მან თქვა, რომ ქვეყნის აუტანელი მდგომარეობა ღმერთის განრისხებით არის გამოწვეული, რომლის მიზეზიც მეფისა და ხალხის მიერ ჩადენილი  ცოდვები იყო და ყველას მოუწოდა ერთსულოვნად და ანგარების გარეშე ებრძოლათ წმინდა სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის. წარმატებული ლაშქრობა განახორციელება ოსების წინააღმდეგ, გაათავისუფლა დატყვევებული მეფის ასული - თავისი უფროსი და, და დადო რამდენიმე ურთიერთმომგებიანი შეთანხმება კავკასიის მთის ხალხებთან დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თაობაზე. შემდგომ მან განახორციელა ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში, გაათავისუფლა იგი ბიზანტიელთაგან, გააძლიერა იქ მეფე გუბაზის ხელისუფლება და გამარჯვებული დაბრუნდა ქართლში.

გასაოცარი იყო მეფე ვახტანგის რწმენა, სიბრძნე, აღნაგობა, სიძლიერე და გულადობა. ტანად მაღალი (2,40 მ) საოცრად ლამაზი, შეეძლო დაუღალავი ბრძოლა. აბჯარში გამოწყობილს, სრულად აღჭურვილს საომარი იარაღებით, შეეძლო მხრებზე მოეგდო საბრძოლო ცხენი და ფეხით ასულიყო ქალაქიდან (მცხეთა) არმაზის ციხემდე, შეეძლო ფეხით დაწეოდა ირემს და კისერი მოეგრიხა მისთვის. მუზარადზე, რომელსაც ვახტანგი ბრძოლის დროს იხურავდა თავზე, წინ მგელი იყო გამოსახული, ხოლო უკან - ლომი. დაინახავდნენ თუ არა სპარსელები მუზარადს მგლისა და ლომის გამოსახულებით, ერთმანეთს უყვიროდნენ: ”დურ აზ გორგასარ” (უფრთხილდი მგლის თავს). სწორედ აქედან დაერქვა მეფე ვახტანგს ”გორგასალი”. მეფე ვახტანგის მიერ აშენდა ციხეები ტუხარისი, არტანუჯი და ახიზა, დაარსდა არტანუჯის, მერეს, შინდობის, ახიზის მონასტრები და აშენდა და დაარსდა კიდევ სხვა მრავალი ციხე, ეკლესია და მონასტერი. მან ააშენა ახალი სამეფო რეზიდენცია უჯარმაში, საფუძველი ჩაუყარა ახალი დედაქალაქის - თბილისის დაარსებას. მისი პოლიტიკური კრედო იყო: მართლმადიდებლურ ბიზანტიასთან თანასწორი კავშირი, ეკლესიისა და ერის დამოუკიდებლობა და ერთიანობა.  

502 წელს სამოცი წლის ვახტანგს  ბოლოჯერ მოუწია თავისი ქვეყნის დაცვა. უთანასწორო ბრძოლაში სპარსელებთან ის მოწამლული ისრით სასიკვდილოდ დაიჭრა. უჯარმის სამეფო რეზიდენციიდან განსვენებული მეფე დედაქალაქში, მის მიერ აშენებულ სვეტიცხოველში გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. 

ქართველი ერი საუკუნეების მანძილზე ინახავს მეფე ვახტაგ პირველის ხსოვნას. იგი გახდა საყვარელი ხალხური თქმულებების გმირი, ხოლო ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ვახტანგ გორგასლი ორდენი ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა საქართველოში. მიში ნეშთი განისვენებს სვეტიცხოვლის მონასტერში. 

←  სექციების სია

დავით აღმაშენებელი

16 წლის ჭაბუკი იყო დავით IV , როდესაც იგი სამეფო ტახტზე ავიდა. ტახტზე ასვლისთანავე  ხელისუფლებაში მივიდნენ დიდგვარიანი აზნაურები. ჯაბუკ მეფეს სახელმწიფო სკამზე გვერდი დაუმშვენეს ისეთმა ნიჭიერმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, როგორიც იყო მწიგნობართუხუცესი გიორგი და მეფის მოძღვარი აღმზრდელი არსენი.

მეფემ გაააქტიურა ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ და ისარგებლა რა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებით, 1096 წელს ხარკის მიცემა შეუწყვიტა სელჩუკების სულთანს. პარალელურად მეფე დავითმა რჩეული ჯარის შექმნა დაიწყო. თვითონ წვრთნიდა ერთგული ცხენოსნების რაზმს, რომელიც ძირითადად შედგებოდა დასახლებული მებრძოლებისა და ნამსახურევი აზნაურებისგან, რომლებიც სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს მეფისაგან მიწის ნაკვეთებს იღებდნენ. მეფის რაზმები ავიწროვებდნენ და საქართველოს მიწებიდან ყრიდნენ თურქ მომთაბარეებს, რითიც საშუალებას აძლევდნენ ქართველ გლეხობას დაბრუნებოდნენ თავიანთ ბაღებსა და სახნავ-სათეს მიწებს.

იმავდროულად მეფე მტკიცედ იბრძოდა დიდგვარიანი აზნაურების თვითნებობის წინააღმდეგ. 1093 წელს დავით IV-ემ ორჯერ მისცა საშუალება ურჩ, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფეოდალს, კლდეკარის ერისთავს ლიპარიტ ბაღვაშს გამოესყიდა დანაშაული, მაგრამ საბოლოოდ 1097 წელს დავითმა იგი გააძევა საქართველოდან და ლიპარიტი და კლდეკარის საერისთავო თვითონ დაიჭირა. ცოტა მოგვიანებით მეფე დავითი გაუსწორდა მეორე დაუმორჩილებელ აზნაურს ძაგანს. დიდებულები მიხვდნენ, რომ მეფე ვერ იტანს ორგულობას, და თვითნებობსა და ურჩობას არავის აპატიებს. პირველი ჯვაროსნული წარმატებული ლაშქრობებისა და სელჩუკთა ზეგავლენის შესუსტების გამო,   საგარეო პოლიტიკური სიტუაცია საქართველოს სასარგებლოდ ლაგდებოდა.

თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ მიმართული  დიდი ომი საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერის გამოცდა იყო.  ქართველი ხალხის მობილიზაციამ ბრძოლისათვის დამპყრობლების წინააღმდეგ აუცილებელი გახადა ქვეყნის ცხოვრებაში განხორციელებულიყო ძირეული ცვლილებები სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. მართლაც, საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთი სფერო არ დარჩენილა, რომ არ შეხებოდა მეფე დავით IV რეფორმები. დავითი ცდილობდა გაეთვალისწინებინა ”მდაბიო-მებრძოლთა” ინტერესები, რადგან ისინი იღებდნენ თავზე სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ დარტყმას. შექმნა რა სახელმწიფო მიწის ფონდი, დაიწყო მათი გარდაქმნა სამეფო მამულებად (სახასო) და შეეძლო დროებით მოხმარებაში გადაეცა თავისი ერთგული მეომრებისა და  თანამდებობის პირთათვის. მეფის კუთვნილებაში გადავიდა აგრეთვე მიწები, რომლებიც ადრე კახეთ-ჰერეთის მეფესა და თბილისის  საამიროს (ამირს) ეკუთვნოდა, ასევე სელჩუკებისაგან გაწმენდილი მამულები და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწები. სამეფო მამულებს ასევე დაემატა მიწები სომხეთსა და შირვანში.

იმდროინდელი ფეოდალური იდეოლოგია მკაცრად ატარებდა ღვთის მორწმუნეობისა და მეფის განუზომელი ძალაუფლების იდეას. ეს ხელისუფლება, როგორც ამას მისი მომხრეები ქადაგებდნენ, მეფეს ღვთისაგან ჰქონდა ნაბოძები და მონარქი დედამიწაზე ღვთის სურვილს ასრულებდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი, ვინც გაბედავდა და გამოვიდოდა მეფის წინააღმდეგ,  ასევე ღვთის წინააღმდეგ გამოდიოდა. დავით IV გააძლიერა მწიგნობართუხუცესთა როლი - რომელიც მეორე პირი იყო ქვეყანაში მეფის შემდეგ. მას მეფის ”მამას” უწოდებდნენ, ასევე ”ვეზირს” და უფლებამოსილი იყო თავისი აზრი გამოეთქვა მეფის მიერ უფლების მიცემის გარეშე. მეფემ მწიგნობართუხუცესი ასევე უმაღლესი სასამართლო უწყების - ”სააჯო კარის” (სიტყვა-სიტყვით თხოვნის კარს ნიშნავს) უფროსად დანიშნა.

ქვეყნის ძალების კონსოლიდაციის ამოცანებმა აიძულეს დავითი გადაჭრით შესდგომოდა ქართული ეკლესიის საქმეებს, რომელიც ფეოდალური საქართველოს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ეკლესიას ჰქონდა ძალიან დიდი მიწის ნაკვეთები, ყმები, ასევე ბევრი სხვა სიმდიდრე, რომლის მეშვეობით ქართული სამღვდელოება დიდ მორალურ ზემოქმედებას ახდენდა მოსახლეობის ყველა ფენაზე. დავითის გარშემო გაერთიანდა გიორგი ათონელის მიმდევრების ძალიან ძლიერი წრე. მაგრამ აუცილებელ რეფორმაზე ნებართვა საეკლესიო კრებას უნდა გაეცა, რომლის მონაწილეებიც მხოლოდ სამღვდელოების წარმომადგენლები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.

1103 წელს დავით IV მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც რუის-ურბნისის კრებას ეძახიან, რადგან იგი ქართლის ორ სოფელში, რუისსა და ურბნისში (საეპისკოპო ცენტრებში) აწარმოებდა სხდომებს. კრებამ დაადგინა, რომ ის ეპისკოპოსები, რომელნიც ”მამულობით”, ე.ი. მემკვიდრეობით, ფლობდნენ საეკლესიო თანამდებობას და არა პირადი ღირსებისა და დამსახურების გამო, გადაყენებული ყოფილიყვნენ და მათ მაგიერ, შთამომავლობისა და მიუხედავად, ღირსნი და განსწავლულნი აერჩიათ. ამით მეფე დავითმა თავის მიზანს მიაღწია - რეაქციულ ოპოზიციას ეკლესიის სახით მოკავშირე გამოაცალა და ეს უკანასკნელი მეფის ხელისუფლების ძლიერ საყრდენად გადააქცია.

იმისათვის, რომ საბოლოოდ განემტკიცებინა ეს შიდა პოლიტიკური გამარჯვება, დავით IV კიდევ ერთი ღონისძიება გაატარა. საქართველოს კარზე ძველთაგანვე არსებობდა მწიგნობართუხუცესის თანამდებობა, რომელიც მეფის კანცელარიას განაგებდა. ეს ადგილი ყოველთვის განსწავლულ, არა მაღალი წარმომავლობის ბერს ეკავა. მართვის საკითხებში გათვითცნობიერებული, მწიგნობართუხუცესი მეფის უახლოესი მრჩეველი იყო და დიდი გავლენით სარგებლობდა მეფის კარზე. იმის გამო, რომ დავით IV არ ჰქონდა უფლება ეკლესიის საქმეში უშუალოდ ჩარეულიყო, მან თავისი ერთგული ადმინისტრატორი-ბერი გიორგი ჭყონდიდის (ამჟამად მარტვილი) არქიეპისკოპოსად დანიშნა და ამასთან შემოიღო წესი, რომლის თანახმადაც  მეფის მწიგნობართუხუცესი ერთდროულად ეპისკოპოს-ჭყონდიდელიც ხდებოდა. ასე გაჩნდა ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა. ამ თანამდებობის მქონე პირი ითავსებდა მეფის ჩინოვნიკისა და უმაღლესი რანგის საეკლესიო მწყემსის ვალდებულებებს.

ამგვარად, პირველ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესად დაინიშნა მეფე დავითის უახლოესი თანაშემწე, მისი აღმზრდელი და პოლიტიკური მრჩეველი ბერი გიოგი, რომელიც რუის-ურბნისის საეკლესიო კრების  ყველაზე აქტიური მონაწილე იყო.

ცვლილებები სასამართლო სისტემასაც შეეხო. საერთოდ უმაღლეს სასამართლოს საქართველოში თვითონ მეფე წარმოადგენდა. მაგრამ დავით IV შექმნა უკვე ხსენებული ”თხოვნის კარი” და ეს უკანასკნელიც მწიგნობართუხუცესს ჩააბარა, რომელთან ერთად ამ სასამართლო დაწესებულებაში კიდევ ორი სხვა მწიგნობარი (ნოტარიუსი) მართავდნენ საქმეებს. ”თხოვნის კარი” რეგულარულად არჩევდა საქმეებს და უშუალოდ მეფის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის პრეროგატივების გაფართოებამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი ზიზღი გვარიანი აზნაურების მხრიდან, რომლებიც მეფის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ცდილობდნენ შეესუსტებინათ ცენტრალური ხელისუფლება.

დავით IV ეკონომიკურ რეფორმას მიეკუთვნება მის მიერ გატარებული ფინანსური რეფორმა, რომლის დროსაც მეფემ ქართულ მონეტას არაბული წარწერაც დაურთო, და, ამგვარად, გააადვილა მისი მიმომქცევა მუსულმანურ ქვეყნებში. ამან გააძლიერა საქართველოს გარე სავაჭრო ურთიერთობები აღმოსავლეთით. ცდილობდა რა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს სხვადასხვა პროვინციების სამეურნეო დაახლოებას, ასევე იმ მიზნით, რომ გაეადვილებინა და უზრუნველეყო ქართული და უცხოური სავაჭრო ქარავნების უსაფრთხო  გადაადგილება, დავით IV-მ ისეთი ღონისძიებები გაატარა, როგორიცაა გზების მშენებლობა და მათი მოკირწყვლა, ხიდების მშენებლობა, ფუნდუკებისა და ქარვასლების მშენებლობა.

სამეფო კარს წვლილი შეჰქონდა ქართული ფეოდალუ-ქრისტიანული კულტურის ფორმირების პროცესში. კულტურული დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველომ დაიმკვიდრა ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან ურთიერთობაში, შესაძლებლობა მისცა დავით IV, რომ საქართველოში ”მეორე ათენი” შეექმნა, ე.ი. სამეცნიერო-თეოლოგიური ინსტიტუტი (დაწესებულება), რომელიც მოწოდებული იყო ხელი შეეწყო ფილოსოფიური იდეების შესწავლისა და განვითარებისათვის, ასევე მისთვის პროპაგანდა გაეწია  საქართველოს სამეფოს მოსახლეობაში და მის საზღვრებს გარეთ. ასეთი მეცნიერული კერა გახდა გელათის აკადემია, რომელიც დავითმა დააარსა ქუთაისთან ახლოს. მეფემ სხვადასხვა მონასტრიდან აქ თავი მოუყარა ყველაზე სწავლულ და ცნობილ ღვთისმეტყველ-ფილოსოფოსებს, მთარგმნელ-კომენტატორებს, ფილოლოგებს. მათ შორის იყო დიდი ქართველი ქართველი ფილოსოფოსი პეტრიწის მონასტრიდან - ნეოპლატონელი იოანე პეტრიწი. ჩნდება ორიგინალური საერო ლიტერატურა და პოეზია, რომელთა მფარველი პირველ რიგში თვითონ მეფე დავითი იყო. დავითი  უცხოელ კულტურის მოღვაწეებსაც მფარველობდა. გამოჩენილი მაჰმადიანი პოეტებისა და მეცნიერებისათვის მან თბილისში თავშესაფარი დააარსა.    თვითონ დავითი ღრმად განსწავლული პიროვნება იყო. მან შეითვისა ყველაფერი საუკეთესო, რისი მოცემაც შეეძლო აღმოსავლეთ-ქრისტიანულ სამყაროს. საფუძვლიანად შეისწავლა არაბული და სპარსული ენები. მეფის საყვარელი დარგი ისტორიული მწერლობა იუო. ლაშქრობებში და ქვეყანაში მგზავრობის დროს მუდამ თან დაჰქონდა პატარა ბიბლიოთეკა, რომელშიც თავმოყრილი იყო მისი საყვარელი ავტორები.

მტერი თითქმის მთლიანად იყო გაყრილი ქვეყნიდან, მაგრამ ახალი შემოსევების მუქარა ვერ იქნებოდა თავიდან აცილებული, ვიდრე საქართველოს მეზობელი ქვეყნები ამიერკავკასიაში (სომხეთი, შირვანი, რანი) სელჩუკების ხელში რჩებოდნენ და საქართველოს მისადგომებთანაც (კაბალა, განჯა, ანისი) ბატონობდნენ. საჭირო გახდა საომარი მოქმედებების ქვეყნის გარეთ გატანა. კავკასიის მოძმე ერები მზად იყვნენ ქართველების გვერდით ყოფილიყვნენ ერთობლივი მტრის წინააღმდეგ გამოსასვლელად. თურქ-სელჩუკების გაძევებას უნდა მოყოლოდა ამიერკავკასიის ხალხთა პოლიტიკური გაერთიანება. გამაერთიანებლის როლში საქართველო გამოვიდა. დავით IV საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერების ახალი საშუალება მოძებნა. ამ მიზნით მან გადაწყვიტა საქართველოში ყივჩაყები გადმოეყვანა. ყივჩაყები ძლიერი და მეომარი ტომი იყო, ჩრდილო კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის ველებზე მომთაბარე. თვითონ დავით IV , შესაძლოა პოლიტიკური მოსაზრებებით, დაქორწინებული იყო გურანდუხტზე - ყივჩაყთა მეთაურის ატრაკ შარაგანისძეს (შარუკანის) ასულზე.

1118 წელს საქართველოს ლაშქარი მეფის მთავარსარდლობითა და მწიგნობართუხუცეს გიორგისთან ერთად  დარიალისაკენ დაიძრა. იქ საქრთველოსა და ყივჩაყებს შორის ოსები ესახლნენ, რომელნიც ყივჩაყებს ემტერებოდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ საქართველოში მათი გადმოსვლისათვის. დავითმა დაიმორჩილა ოსები, დაიჭირა ოსეთის ციხეები და გზებიც გახსნა.

დავით IV-მ მოლაპარაკებები გამართა ყივჩაყთა ბელადებთან და მიაღწია მათ თანხმობას ყივჩაყების საქართველოში გადმოსახლების თაობაზე. მეფემ 45 000 ყივჩაყის ოჯახი გადმოასახლა საქართველოში, მიუჩინა მათ მიწა და ყველაფერი, რაც სამხედრო სამსახურისათვის სჭირდებოდათ, მისცა. ყივჩაყების გადმოსახლება საქართველოში კარგად გათვლილი ღონისძიება იყო. თანდათანობით გადმოსახლებული ყივჩაყები მებრძოლებად ყალიბდებოდნენ. დავითმა ახალი ორგანიზაცია მისცა ყივჩაყებს და ორი წლის გაძლიერებული წვრთნის შემდეგ, საქართველოს უკვე ჰყავდა 40 000 საუკეთესო ცხენოსნისაგან შემდგარი ლაშქარი. გარდა ამისა, დავითმა შეადგინა კიდევ ერთი ცალკე რაზმი 5 000 კაცისაგან, რომელსაც ”მონასპას” ეძახდნენ და რომელსაც თვით მეფის დაცვა ევალებოდა. ახლა, როდესაც მეფეს ჰქონდა საკმარისი სამხედრო ძალა, შეეძლო მტკიცე ყოფილიყო და დარწმუნებული ყოფილიყო თავისი  ვასალების ერთგულებაში  მათ საბრძოლო   რაზმებთან ერთად.

საქართველოს მეფე ძლევამოსილ, ძალაუფლების მქონე ხელმწიფედ იქცა.

1104 წელს მეფის მომხრეებმა ტყვედ აიყვანეს ერეთ-კახეთის მეფე აგსარტანი. დავითმა დაიკავა ჰერეთ-კახეთი. მაგრამ სელჩუკები არ აპირებდნენ უბრძოლველად დაეთმოთ მდიდარი პროვინციები, რომელთა დაკარგვა ასუსტებდა მათ სტრატეგიულ პოზიციებს აღმოსავლეთ კავკასიაში. განზას რაიონის სელჩუკთა ათაბეგმა სწრაფად გაილაშქრა იმ მიზნით, რომ განედევნათ საქართველოს მეფე ჰერეთ-კახეთიდან. მაგრამ მათი ლაშქრობა მოულოდნელი არ იყო დავითისათვის. ბრძოლა მოხდა 1104 წელს ერცუხთან (ამჟამინდელი საინგილო) და დასრულდა ქართველთა სრული გამარჯვებით. ჰერეთ-კახეთის შემოერთებამ საქართველოს მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური გაძლიერება გამოიწვია. მეფე განუწყვეტელ ომს აწარმოებდა სელჩუკებთან და ერთი მეორეზე ართმევდა მათ ქართულ ქალაქებსა და ციხეებს. 1110 წელს მეფემ იერიში მიიტანა სელჩუკებზე და კიდევაც გამოსტაცა თურქებს სამშვილდე. სამშვილდის აღება იმდენად დიდი გამარჯვება იყო ქართველებისა, რომ ამით შეშინებულმა თურქებმა ქვემო ქართლის ციხეების უმეტესობა თვითონვე მიატოვეს და გაიქცნენ. 1115 წელს დავითმა თურქებს წაართვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი - რუსთავი. უცხოელი დაპყრობლების ხელში რჩებოდა თბილისი, მაგრამ ახლა იგი გარშემორტყმული იყო ქართველთა ციხეებით. 1117 წელს დავით მეფემ ხელთ იგდო ჰერეთის ციხე-ქალაქი გიში. იმავე დროს იგი დაუღალავად სდევნიდა და სპობდა სელჩუკთა რაზმებს, რომელნიც აქა-იქ კიდევ ბოგინობდნენ, საქართველოს სამხრეთ განაპირა თემებში. 1118 წელს ქართველთა ჯარმა აიღო ლორის ძლიერი ციხე, რომელიც სამხრეთიდან მომავალ მტერს გზას უკრავდა და მეტად მნიშვნელოვანი მეწინავე სიმაგრე იყო იმ მთავარ გზაზე (ტაშირი), საქართველოს რომ სომხეთთან და სამხრეთის სხვა ქვეყნებთან აერთებდა.

კარგად მომზადებულმა, უკვე 1120 წელს დავითმა შარვანში (შირვანში) გაილაშქრა. აქ თურქთა პოზიციები იმდენად ძლიერი არ იყო.    შირვანის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც დამპყრობლების მიმართ მტრულად იყო განწყობილი, დიდ დახმარებას უწევდა ქართველებს. მეფე დავითმა  ციხე-ქალაქი კაბალა აიღო. ძალზე შევიწროვებულმა კავკასიელმა თურქებმა საჩივრით მიმართეს ირანში სელჩუქთა სულთანს, რათა მათ დავითის წინააღმდეგ დახმარებოდა. სულთანმა სასწრაფოდ დაიწყო სამხედრო კოალიციის შექმნა. სულთანის ლოზუნგს _”მაჰმადიანები საშიშროების ქვეშ არიან” - რამდენიმე მაჰმადიანური ქვეყანა გამოეხმაურა და სულთანმა საქართველოსაკენ უზარმაზარი ჯარი გამოგზავნა. მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქარი 300 ათასი კაცისაგან შედგებოდა. იმდროინდელი უცხო მწერლების სიტყვით ქართველთა ჯარი რიცხოვნობით რამდენჯერმე ნაკლები იყო თურქებისაზე. მისი მთლიანი რიცხოვნობა 60 ათასს არ აღემატებოდა. მეფე დავითმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მებრძოლებს: ”მებრძოლო ქრისტიანებო! ჩვენ ადვილად ვძლევთ მტერს, თუ თავდაუზოგავად შევებრძოლებით ჩვენი სამშობლოს დასაცავად! ერთ რამეს გირჩევთ - ფიცი მივცეთ უფალს, რომ მისი სიყვარულის გამო თავს დავდებთ ბრძოლის ველზე და არ გავატარებთ მტერს. და იმისათვის, რომ აქედან არ გავიქცეთ, ხეობა ხეებით ჩავხერგოთ”. 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველებმა დავითის წინამძღოლობით დიდგორის მთაზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს თურქ-სელჩუკებზე. ამ გამაჯვებამ გაფანტა მითი თურქ-სელჩუკთა უძლეველობის შესახებ. ქართველებმა იმედით დაუწყეს მომავალს ყურება; სხვა ხალხებიც, რომლებიც ჯერ კიდევ იტანჯებოდნენ თურქთა უღელქვეშ,  გამხნევდნენ.

1122 წელს მეფე დავითმა გაათავისუფლა თბილისი და სამეფო ტახტი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს დედაქალაქი, რომელიც 400 წლის განმავლობაში უცხოელთა ხელში იმყოფებოდა, ისევ საქართველოს დაუბრუნდა. მიუხედავად სასტიკი დამარცხებისა, სელჩუკებს ბრძოლისათვის თავი არ დაუნებებიათ და მათ ახალი, საპასუხო ლაშქრობის მოწყობა სცადეს. 1123 წელს სულთანი მაჰმუდი შარვანში შეიჭრა, შარვანის დედაქალაქი შამახია აიღო, შეიპყრო შარვანის მფლობელი ”შარვან-შაჰად”  წოდებული და დავითს გამოუგზავნა მუქარითა და დაცინვით სავსე წერილი, რომელშიც ”ტყის მეფეს” უწოდებდა მას: თუ გული გერჩის, მაგ შენ ტყიან ქვეყანაში ნუ კი იმალები, ველზე გამოდი და შემებრძოლეო. დავითმა შეკრიბა 50 ათასიანი ლაშქარი და დაუყოვნებლივ შარვანისაკენ დაიძრა მტრის შესახვედრად. გაიგო თუ არა ეს ამბავი, სულთანმა ომს თავი მოარიდა და ბოლოს გაიქცა კიდევაც. 1124 წლის ზაფხულში მეფე დავითს ეახლნენ ელჩები ანისიდან, სომხეთის დედაქალაქიდან. ისინი მეფეს დახმარებას სთხოვდნენ. ანისს იმ დროს სელჩუკთა ემირი აბულ სოვარი მართავდა. დავითის ჯარი შევიდა სომხეთში და ალყა შემოარტყა ანისს. სელჩუკები დანებდნენ. ემირ აბულ სოვარი და მისი ოჯახი ტყვედ აიყვანეს. ანისი საქართველოს შემოუერთეს. ახლა მეფე დავითის სამფლობელო გადაჭიმული იყო ”ნიკოფსიდან (ამჟამინდელი კრასნოდარის მხარე) დარუბანდის (დერბენტი) საზღვრებამდე და ოსეთიდან (იგულისხმება ჩრდილოეთ ოსეთი) არაღანცამდე (სომხეთში)”.

დავით IV მეფობის ხანაში საქართველო ძლევამოსილ სახელმწიფოდ იქცა. მის საზღვრებში საკუთრივ საქართველოს გარდა, შედიოდა ასევე სომხეთი და შარვანი. იმავდროელად, სამეფო კარი კარგად იღებდა მხედველობაში იმ გარემოებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა, საგაც მაჰმადიანური კულტურა მეფობდა, და, ამის შესაბამისად,  შეიმუშავა სხვადასხვა ხალხთა შორის კულტურული თანაარსებობის პოლიტიკური კურსი. საქართველოს ქრისტიანული ქვეყანა იყო, იგი თავს ბიზანტიის მემკვიდრედ მიიჩნევდა, მაგრამ მაჰმადიანები საქართველოში დევნას არ განიცდიდნენ. პატივისცემით ეპყრობოდა ისლამის მქადაგებლებს, მაჰმადიანელ ვაჭრებს მფარველობდა, მეგობრობდა მაჰმადიან პოეტებთან და ფილოსოფოსებთან, ასე რომ მეფე დავითის ”ქრისტიანულ სამყაროში” თავს იმაზე უარესად არ გრძნობდნენ, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც ისლამ მმართველებს ემორჩილებოდნენ.  

←  სექციების სია

თამარ მეფე

სარწმუნო ისტორიული მონაცემების პარალელურად თამარის გამეფების დღიდანვე მრავლადაა ლეგენდარული თქმულებაც.  თამარი     მამამისმა თავის სიცოცხლეშივე აკურთხა მეფედ (1178 წ.), მაგრამ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ (1184)  დაიწყო თამარმა ქვეყნის მართვა. თამარი აღიარებული იყო მეფედ პონტიდან გურგანამდე (კასპიის სღვა) და სპერიდან (ხაზი ტრაპეზუნდიდან ყარსამდე) დერბენტს, ხაზართა სამეფოსა და სკიფებამდე. თავისი მმართველობის დევიზად თამარმა  შეწყალება და სიმართლე გამოაცხადა: ”მე ვარ მამა ობოლთა და ქვრივთა მოსამართლე” - ამბობდა თამარი. მისი მეფობის ხანაში არ ყოფილა სიკვდილით ან ფიზიკური  დასჯის არც ერთი შემთხვევა. შიგნით სამეფოში, რომ არ დაეშვა არეოულობა, თამარ მეფე ზოგიერთ მეზობელ ქვეყნასთან აწარმოებდა ომს. მისმა პირველმა  ქმარმა, რუსეთის თავადმა გიორგიმ (კარამზინის აზრით - ანდრეი ბოგოლუბსკის შვილი) რამდენიმე სამხედრო ექსპედიცია მოაწყო სომხეთის ჩრდილოეთით შარვანსა და ერზერუმში. როდესაც თამარსა და გიორგის შორის ქორწინება შეწყდა - როგორც ქართველი მემატიანე იუწყება, თავადის მიერ თავაღებული ცხოვრების გამო - მისი ყოფილი ქმარი მის მტრად გადაიქცა და დაკარგული ტახტის დასაბრუნებლად დიდი ბერძნული ლაშქრით კონსტანტინოპოლიდან საქართველოსკენ დაიძრა. მიუხედავდ იმისა, რომ ზოგიერთი მხარის მმართველი მას შეუერთდა, რუსი თავადი დამარცხდა და ამის შემდეგ უკვლოდ გადაიხვეწა. გამეფებიდან 10 წლის შემდეგ, 1189 წელს თამარმა მეორედ იქორწინა. თამარის მეორე ქმარი იყო დავით სოსლანი, მისი ბავშვობის მეგობარი. დავითი ოსეთის მეფისწული და ბაგრატიონთა შთამომავალი იყო. ამის შემდგეგ თამარი აძლიერებს შეტევით პოლიტიკას. იგი იმორჩილებს თავრიზს, ერზერუმს, შესანიშნავ გამარჯვებას აღწევს არდებილის სულთანზე. საქართველოსა და ათაბაგის ჯარებს შორის დიდი ბრძოლა მოხდა 1195 წელს ციხე-ქალაქ  შამქორთან. შამქორთან ბრძოლამ მას დიდება მოუტანა, რომლის შესახებ  რუსული თქმულებაც არსებობს და ის ივერიის დედოფალ დინარად არის მოხსენიებული. შამქორის შემდეგ საქართველოს ჯარმა ქალაქი განძაც დაიმორჩილა. 

მცირე აზიაში საქართველოს პოლიტიკური ბატონობის  უზრუნველყოფის, შიგა და გარეშე მტრების დამორჩილებისა და სამეფოს საზღვრების გაფართოების გარდა, თამარ მეფემ საქართველოს სულიერ განვითარებასაც დიდი ყურადღება დაუთმო.  მის კარის გარშემო იკრიბება სახლეგანთქმულ მწერალთა პლეადა, რომელთაც ქართული ენა სრულყოფამდე აიყვანეს. ამ დროს დაიწერა დიდი ღირსების მქონე მხატვრული პოემები: ”თამარიანი”, ”აბდულმესია”. თამარ მეფისა და მისი მეუღლის დავით სოსლანისადმი მიძღვნილი ეს თხზულებები ქებას ასხამენ მეფეს და ძლიერი ფეოდალური მონარქიის განდიდების იდეას განასახიერებენ. პირველის ავტორია ჩახრუხაძე, მეორისა - იოანე შავთელი. დიდად განვითარდა საერო მხატვრული ლიტერატურა. საერო მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლია მოსე ხონელის საგმირო-სარაინდო რომანი ”ამირან-დარეჯანიანი”, რომელიც ხოტბას ასხამს ვაჟკაცობას, მამაცობას. ეპოქის კულტურული შემოქმედების გვირგვინია გენიალური შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ხელოვნების სხვადასხვა დარგმა. ლეგენდარული ისტორია, რომელიც თამარს უკავშირებს საქართველოს ყველა შესანიშნავ ტაძარს და ციხეებს, სიმართლისგან შორს არ არის: ხელოვნების ბევრი ნიმუში სწორედ თამარის დროს არის შექმნილი. კლდეში ნაკვეთი ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, შესანიშნავად მოხატული ეკლესიით, მრავალრიცხოვანი სენაკითა და სათავსოებისთ, ქართული სამშენებლო ხელოვნების მაღალი დონის უდავო მოწმეა. თამარის სახელი მოწიწებით მოიხსენიება კავკასიის სხვადასხვა ხალხთა პოეტურ თქმულებებშიც.

დღემდე ზუსტად არაა ცნობილი, სად არის დასაფლავებული საქართველოს სახელგანთქმული მეფე თამარი. მატეანეში ნათქვამია, რომ მცხეთის ტაძარში წესის აგების შემდეგ თამარის ნეშტი გელათის მონასტერში გადაასვენეს, სადაც ის ბაგრატიონთა გვარის ოჯახურ აკლდამაში დაკრძალეს. მაგრამ გელათში თამარის სამარხი არ აღმოჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ თამარი პალესტინაშია დაკრძალული, ჯვრის მონასტერში (რომელიც დააარსეს და მართავდნენ ქართველი მეფეები), რადგანაც სიცოცხლეში თამარს უნდოდა პალესტინაში წასვლა და მისი ნახვა, მაგრამ საქართველოს მტრებთან გამუდმებული ომების გამო, ეს ვერ განახორციელა. არსებობს ასეთი თქმულება, რომ როდესაც მსოფლიოში გამრავლდება ტანჯვა და უბედურება, თამარი აღსდგება საფლავიდან თავისი ხალხის სანუგეშოდ.  

←  სექციების სია

გიორგი V ბრწყინვალე

მონგოლთა გაბატონებამ საქართველოში XIII საუკუნეში ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა. დაირღვა ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობა, გამოჩნდა ერთიანი საქართველოს დაშლის ნიშნები. ლიხის ქედს იქით, დასავლეთ საქართველოში, შეიქმნა იმერეთის დამოუკიდებელი სამეფო.  ფაქტობრივად საქართველოს მეფისაგან დამოუკიდებელი გახდა ასევე სამთავრო - სამცხე. უფრო მოგვიანებით, ქვეყნის დანარჩენი ნაწილიც მონგოლთა ხანის ნებასურვილით დაიყო დემეტრე II შვილებს შორის. XIV საუკუნის დასაწყისისათვის ”მრავალმეფიანობა” ჩამოყალიბდა. მდგომარეობის შეცვლა დაკავშირებულია გიორგი V ბრწყინვალის სახელთან (1314 – 1346).

მამამისის გარდაცვალების შემდეგ გიორგი პაპამისის, ბექი ჯაყელის კარზე იზრდებოდა, რომელიც სამცხეს ფაქტობრივად დამოუკიდებელი მმართველი იყო. მისი მამულები გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან ბასიანამდე.

1314 წელს გიორგი მეხუთე, ბრწყინვალედ წოდებული, შეუდგა სამეფოს მართვა-გამგეობას. აქტიური საქმიანობა ქვეყნის აღორძინებისათვის მან ჯერ კიდევ ტახტზე ასვლამდე დაიწყო. გიორგი მეხუთე ხედავდა, რომ მონგოლთა განუზომელი ძალაუფლება შესუსტდა და, რომ ადრე თუ გვიან, მათი სახელმწიფო დაინგრეოდა. ძალიან ფრთხილი მოქმედება იყო საჭირო, რომ საქართველო ამ ნანგრევებში არ აღმოჩენილიყო. ამ მიზნით გიორგი V ილხანებთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკა შეცვალა და  მათთან ქიშპობა შეწყვიტა. ბრძნული რჩევებისა და საბრძოლო გულადობის გამო, რომელსაც იგი მონგოლებთან ერთად  ერთობლივი  ლაშქრობების დროს იჩენდა, ხანის სასახლის დიდი ნდობა მოიპოვა. ამიტომ იყო, რომ ირანში მისულ მეფეს, პირველმა ვაზირმა ჩობანმა, რომელსაც ირანში მთელი ძალა-უფლება ეპყრა, გიორგი მეფეს უფლება მისცა ერთად შეეკრიბა მთელი ქართული მიწები, დაემორჩილებინა მთავრები და მეფეები, თავისი ძმის - დავითის შვილები. ეს იმას ნიშნავდა, რომ მონგოლეთის ხანის კარს, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განიცდიდა, აღარ შეეძლო საქართველოში ხელი შეეწყო მრავალი პატარა სამეფოების ცენტრიდანული ტენდენციებისათვის.

ამგვარად, წარმატებული საგარეო პოლიტიკის გატარებით, გიორგი მეხუთემ ილხანის ემირ ჩობანთან კარგი ურთიერთობები დაამყარა და იმას მიაღწია, რომ ხარკი თვითონ შეეგროვებინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ხარკის შემკრებნი ატყუებდნენ გლეხებს და უფრო მეტს ართმევდნენ, ვიდრე ეს  დაკისრებული ჰქონდათ, ხანდახან კი ერთიდაიმავე ხარკს ორჯერ ახდევინებდნენ. თავის მხრივ, ჩობანიც დაინტერესებული იყო კარგი ურთიერთობები ჰქონოდა გიორგი მეხუთესთან, რადგანაც ქართველების მხრიდან სამხედრო ძალით დახმარების იმედი ჰქონდა. დიდებულები გადაჩვეულნი იყვნენ მეფის ძლიერ ხელისუფლებას, ამიტომ,  შეიპირა რა მონგოლთა კარის დახმარება, გიორგი V ქვეყნის გაერთიანება გადაწყვიტა, რისთვისაც  რადიკალური ღონისძიებების გატარება დაიწყო. თანდათანობით მან დაიმორჩილა ბევრი მთავარი და ერისთავი. მეფე დაუნდობლად უსწორდებოდა დაუმორჩილებლებს.

ასე მაგალითად, 1335 წელს (მონგოლთა ბატონობის 100 წლისთავი), კახეთში ყოფნისას, მეფის ბრძანებით ცივის მთაზე დარბაზზე ღალატის ბრალდებით სომხეთისა და ერეთის ერისთავები გამოიძახეს. მეფის მოთხოვნით ეს ერისთავები ადგილზევე იქნენ სიკვდილით დასჯილნი. მეფემ მოახერხა ოსების ალაგმვა და მათი საქართველოდან განდევნა. რადგან ოსების სამხედრო ძალა გორში იყო გამაგრებული, გიორგიმ გორს ალყა შემოარტყა და სამი წლის ბრძოლის შემდეგ აიღო. ჩობანის ნდობა მეფე გიორგიმ პირველ რიგში იმისათვის გამოიყენა, რომ მონღოლთა საოკუპაციო ჯარების რიცხოვნობა შეემცირებინა. ირანის მბრძანებლებს საქართველოში ამ დროს ლაშქარი საკმაოდ შემცირებული ჰყავდათ: 10 ათას მეომარზე მეტი მათ აქ აღარ გააჩნდათ. ისინიც უმთავრესად საქართველოს საზღვრების დასაცავად იდგნენ.

დასავლეთ საქართველოს შემოსაერთებლად გიორგი ბრწყინვალე უფრო ფრთხილად იქცეოდა. 1329 წელს გიორგი ბრწყინვალე დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ქუთაისი აიღო და ადგილობრივი დიდებულები დაიქვემდებარა. მეფემ შესძლო სამხრეთ საქართველოს შემოერთებაც, რის შემდეგადაც საქართველოს მთლიანობა აღდგენილ იქნა.

გიორგი ბრწყინვალის გამეფების დროს განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში საქართველოს ცენტრალური ნაწილი - ქართლი იმყოფებოდა. აჯანყებებმა, რომლებსაც გამუდმებულად ჰქონდა აქ ადგილი მეფე დემეტრე II ვაჟის, დავითის მმართველობის დროს, მონგოლთა  რაზმების დამსჯელმა   ქმედებებმა, შიმშილმა და ავადმყოფობამ, ეს მხარე მთლიანად გამოფიტა. ქალაქები და სოფლები გაუკაცრიელდა. მდგომარეობას ამძიმენბდა ოსთა თარეშიც, რომელნიც ქართლში ლიახვის ხეობის გავლით შემოდიოდნენ. ლიახვის, ქსნისა და არაგვის ხეობების მოსახლეობას შორის არ წყდებოდა სისხლიანი მტრობა. სუსტ სამეფო ხელისუფლებას არ შეეძლო მშვიდობისა და სიწყნარის უზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით. მრავალწლიანი ბრძოლა იყო იმისათვის საჭირო, რომ ქვეყანაში წესრიგი აღდგენილიყო. მეფეს, პირველ რიგში, უნდა გაეთავისუფლებინა დაბლობები მთიელი ტომებისაგან, ქართლის აზნაურებისათვის დაებრუნებინა მათი მამულები და თავისათვის დაექვემდებარებინა ქსნისა და არაგვის სამთავროები. ამ მიზნით, გიორგი ბრწყინვალემ დიდი ლაშქრობა მოაწყო: ჟინვალზე გავლით მან შეაღწია მთიულეთში, გასცდა ჯვრის უღელტეხილს, გაიარა ხევი დარიალამდე, უკანა გზაზე, დაეშვა ქსნის ხეობაში ლომისზე გავლით და იქიდან მუხრანის გავლით დაბრუნდა თბილისში. ამ ლაშქრობამ ხევთა მაცხოვრებლებს ცენტრალური ხელისუფლების ძალა უჩვენა.

გიორგი ბრწყინვალის მეფობას ცხოველი საკანონმდებლო მუშაობა ახასიათებს. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქართველოს მთიანეთის თემებს, სადაც მე-14 საუკუნის დამდეგისათვის დიდი საზოგადოებრივი ბრძოლა წარმოებდა.  გიორგიმ საკანონმდებლო კრება მოიწვია და ამ მთიანეთისათვის სამართლის წიგნი, ”ძეგლის დადება”, შეადგენინა. ამავე ხანაშია შედგენილი ”ხელმწიფის კარის გარიგება”, რომელშიც მაშინდელი საქართველოს სახელმწიფო წესწყობილების  მაღალი დონე და საგრძნობი ეკონომიკური მოღონიერება კარგად არის აღბეჭდილი. გიორგი V აღადგინა ქვეყნის მმართველობის ტრადიციული ფორმები. ჩატარდა ფინანსური რეფორმაც: ყაზან ყაენის დროს მოჭრილი ფულის მაგიერ, რომელიც ყაზანური თეთრის სახელით იყო საქართველოში ცნობილი, საკუთარი ფული მოჭრა. ეს იყო ახალი ქართული ფული, რომელიც გიორგაულ თეთრად იწოდებოდა.

1327 წელს მონგოლთა სახანოში შიგა ომები დაიწყო. ამ არეულობას იმდენად ღრმა ფესვები ჰქონდა, რომ ხანმა ვეღარ შესძლო თავისი ძველი ძალაუფლების აღდგენა.

გიორგი ბრწყინვალემ ისარგებლა ამ შემთხვევით და მონგოლთა ჯარი გარეკა. ასე დამთავრდა მონგოლთა  თითქმის  ასწლიანი ბატონობა საქართველოში.

საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო მყარად დაადგა პოლიტიკური აღორძინების გზას. დასავლეთ საქართველოში, ისევე როგორც სამცხეში, ყოველთვის არსებობდა ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების აღდგენის მომხრეთა ძლიერი ჯგუფი. ეს განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როდესაც აღმოსავლეთმა საქართველომ მოიშორა მონგოლთა ბატონობის მძიმე უღელი. ასეთ ვითარებაში, დავითის ძის მეფე მიქელის გარდაცვალების შემდეგ  გიორგი ბრწყინვალესათვის ძნელს არ წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს თავისი სამეფოსათვის შემოერთება.

1329 წელს, გიორგი მეფემ გადაჭრა ლიხის უღელტეხილი, იოლად აიღო ქუთაისი და მთელი ქვეყანა დაიმორჩილა, ხოლო მიქელის პატარა ბავშვი ბაგრატი თან წამოიყვანა. ამით საქართველოში ორმეფობა მოისპო და სახელმწიფოებრივი მთლიანობა აღდგენილ იქნა. მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს დედაქალაქსაც კარგად დაეტყო. მალე მეფეს სამთავრო სამცხეც დამორჩილდა (1334). ქვეყანაში მიღწეულმა წარმატებებმა - სამეფო ხელისუფლების გაძლიერებამ, დიდებულების თვითნებობის ალაგმვამ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ, საშუალება მისცეს გიორგი მეფეს აქტიური საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა. მან აღადგინა საქართველოს გავლენა ტრაპეზუნდის იმპერიაზე. ამ დროისათვის   საქართველო ცნობილი გახდა ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს გარეთ. გიორგი ბრწყინვალის მეფობის ხანისათვის ევროპელები თბილისს სთვლიდნენ მთელი აღლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო, ერმრავალ, მდიდარ და შესანიშნავ ქალაქად.

ქართველთა მეფეს დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა რომის პაპთან - იოანე XXII-თან. პაპის მითითებით კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის  ცენტრი ქალაქ სმირნიდან თბილისში გადმოიტანეს, რაც საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდაზე მიუთითებს. ამასვე ადასტურებს ეგვიპტის სულთნის მიერ ქართველებისათვის მიცემული უფლება იერუსალიმში ახალი ტაძარი აეშენებინათ (მაშინ როდესაც ოქროს ურდოს ხანს მეჩეთის აშენებაზე უარი ეთქვა).

გიორგი V კავშირი ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპ VI ვალუასთან, რომელსაც მეფემ წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად 30 000 მებრძოლის გაგზავნას დაპირდა. ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა საქართველოს გენუასა და ვენეციასთან, რაც ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებასა და განვითარებას უწყობდა ხელს. გიორგი V აღადგინა საქართველოს მთლიანობა, გააძლიერა მეფის ხელისუფლება, სრული განადგურებისაგან გადაარჩინა ქვეყანა და აღადგინა მონგოლთა მიერ დანგრეული საქართველო. 

←  სექციების სია

ერეკლე II

ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო ერეკლე, როდესაც თან ახლდა სპარსეთის შახს - ნადირს, რომლის კარზეც ის იზრდებოდა, ინდოეთში ლაშქრობისას, ხოლო 1744 წელს კახეთის სამეფო ტახტზე ავიდა. 1749 წელს მეფე ერეკლემ თბილისიდან ყიზილბაშთა გარნიზონი გარეკა. გასაკვირი არაა, რომ თეიმურაზ II და ერეკლე II გავლენა და ავტორიტეტი სულ უფრო იზრდებოდა - ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის სახანოებმა მფარველობა ქართველ მეფეებს სთხოვეს და მათი ვასალები გახდნენ. 1751 წელს ერეკლე მეფის 3 000 ქართულმა ჯარმა კირბულახთან (ერევანთან ახლოს) აზატ-ხანის 18 ათასიანი ჯარი გაანადგურა და აზატ-ხანმა ზავის დადება ითხოვა. 1752 წელს მეფე ერეკლე II სასტიკად დაამარცხა ადჯი-ჩალაბი, მთლიანად გაანადგურა რა მისი ჯარი. მეფე ერეკლესა და მისი მამის თეიმაურაზის გავლენა მთელ კავკასიაზე ისევ გაიზარდა. სამწუხაროდ, დაღესტნელთა შემოტევები ქვეყნისათვის კვლავ დიდ საშიშროებას წარმოადგენდნენ. 1754 წელს მჭადიჯვართან და 1755 წელს ყვარელთან ბრძოლებში მეფე ერეკლემ საბოლოო გამარჯვება მოიპოვა საქართველოში შემოჭრილ დაღესტნელებზე, რომელთაც ნურსალ-ბეგი ხელმძღვანელობდათ. 1758 წელს მეფეებმა თეიმურაზ II, ერეკლე II და სოლომონ I ერთმანეთთან კავშირი შეჰკრეს, რომლის თანახმადაც მტრის შემოსევის შემთხვევაში ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ. როდესაც 1759 წელს დაღესტნელები კვლავ შემოესივნენ კახეთს, ერეკლე მეფეს სოლომონიც ეხმარებოდა. სამი წლის შემდეგ, 1762 წელს მეფე თეიმურაზ II გარდაიცვალა და გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ 42 წლის ერეკლე II გამოცხადდა.

იმავდროულად, ფეოდალური საზოგადოების ყველაზე პროგრესული წარმომადგენლები საქართველოში დაკავებულნი იყვნენ ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის ძირეული ცვლილებებისათვის კანონ-პროექტების შედგენით. ყველაზე დიდ ინტერესს, ამ მხრივ იწვევს იმ დროისათვის პროგრესული პროექტი, რომელიც მეფის წულმა იოანე ბაგრატიონმა შეიმუშავა. თავისი გეგმის განხორციელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პირობად ი. ბაგრატიონს ძლიერი ცენტრალიზებული მმართველობის ქვეშ საქართველოს გაერთიანება მიაჩნდა. სახელმწიფოს განვითარების შემდგომ პირობად იგი სავაჭრო ურთიერთობების მაქსიმალურად გაფართოებასა და სამამულო ვაჭრობის განვითარებას თვლიდა. იოანე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს დიდი ყურადღება უნდა დაეთმო სამთამადნო და მრეწველობის სხვა დარგებისათვის, რომელთა გასაფართოებლად საქართველოს საკმარისი ნედლეული ჰქონდა. საქართველოში ვაჭრობის, სასაქონლო წარმოებისა და მრეწველობის გასანვითარებლად საჭირო იყო განათლებული ადამიანები, რომელთა მოსამზადებლად კლასობრივი პრინციპი არ გამოიყენებოდა. პროექტის ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო ქვეყნის სახელმწიფო აპარატში: ყველა თანამდებობის პირს, მათ შორის მეფესაც და დედოფალსაც, გარკვეული ჯამაგირი უნდა მიეღოთ. ი.ბაგრატიონი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა იმას, რომ სახელმწიფო საბჭოში წევრები ძალიან ფრთხილად უნდა შეერჩიათ, პირველ რიგში მათი პირადი თვისებებიდან გამომდინარე და ასევე მასში ქალაქის მოსახლეობის ყველაზე მდიდარი წარმომადგენლები შეეყვანათ.

1768 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. 1769 წლის ზაფხულის დასასრულს რუსთა მცირერიცხოვანი ჯარი, რომელსაც სათავეში გენერალი ტოტლებენი ედგა, საქართველოში შემოვიდა. მომდევნო წლის აპრილში ერეკლე და ტოტლებენი ქართველ-რუსთა ჯარით ახალციხისაკენ დაიძრნენ და ალყა შემოარტყეს აწყურის ციხეს, სადაც თურქთა გარნიზონი იდგა. ბრძოლის დაწყებისთანავე ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ქართველები და უკან გაბრუნდა. ერეკლე იძულებული შეიქნა, ბრძოლით გაეკაფა გზა ასპინძის, წალკისა და მანგლისის მიმართულებით. თურქებმა გადაწყვიტეს ქართველებისათვის გზა გადაეჭრათ ასპინძასთან. ერეკლე II-მ მძლავრი შეტევით გაფანტა ისინი. 1770 წლის 20 აპრილს, გარიჟრაჟზე, ქართველებმა ერთსულოვნად შეუტიეს თურქებს, მტერი შედრკა და უკუიქცა. ერეკლემ მთლიანად გაანადგურა თურქთა და დაღესტნელთა გაერთიანებული ჯარი, მაგრამ იძულებული იყო ქართლში დაბრუნებულიყო ტოტლებენის მოღალატეობრივი ქმედებების გამო, რომელმაც მეფის ზურგს უკან კავშირი შეკრა მის მოწინააღმდეგეებთან და ძალით დაიწყო ქართლის ციხეებისა და ქალაქების დაკავება.

ტოტლებენის მოქმედებით გამოწვეული ერთგვარი მარცხის შემდეგ ერეკლე II მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. 1774 წელს მეფის ინიციატივით შეიქმნა ე. წ. მორიგე ჯარი; ამ ახალი ჯარის დებულების მიხედვით ლაშქრობის შემძლე ყოველი მამაკაცი ვალდებული იყო თავისი ხარჯითა და იარაღით წელიწადში ერთი თვით მორიგე ჯარში გამოსულიყო. ამ წესით მუდმივ მზადყოფნაში იყო ჯარის გარკვეული რაოდენობა (5 000 კაცი). თუმცა რეაქციონერმა თავადებმა მორიგე ჯარი თანდათანობით მოშალეს, შედეგები მაინც დიდი იყო; ერთხანს ლეკთა თარეში შეწყდა და მოსახლეობა მშვიდობიან შრომას დაუბრუნდა. 1776 წელს მეფე ერეკლემ ზავი დადო თურქეთთან

XVIII საუკუნის 80-იან წლებში ქართლ-კახეთის მმართველებს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდათ ურთიერთობები დაემყარებინათ დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან და თავისუფლებისათვის ბრძოლაში მათგან ქმედითი დახმარება მიეღოთ. ევროპის ქვეყნებთან მიმართვამ სასურველო შედეგი ვერ გამოიღო. ამ დროისათვის კი რუსმა დიპლომატებმა ენერგიული საქმიანობა გააჩაღეს საქართველოში, რადგანაც XVIII საუკუნეში რუსეთის სახელმწიფო საზღვრები უშუალოდ კავკასიონის მთავარ ქედს ესაზღვრებოდა. ქართლისა და კახეთის ფეოდალური საზოგადოების მოწინავე წრეები ღრმად იყვნენ იმაში დარწმუნებულნი, რომ ამიერკავკასიაში რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და, რომ, აქედან გამომდინარე, საქართველოს შესაძლოა იმედი ჰქონდეს რუსეთის მხრიდან ქმედითი დახმარების აღმოჩენისა და საქართველოს დაცვისა. რუსეთისა და საქართველოს ჯარების წარმატებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში საქართველო იმედოვნებდა, რომ საბოლოოდ განთავისუფლდებოდა ირანისა და თურქეთის უღლისგან. რუსეთის სახელმწიფო მოხელეები ერეკლე II-ს ურჩევდნენ, ეთხოვა იმპერატორის მფარველობა. ერეკლემ სწორად შეაფასა არსებული მდგომარეობა და რუსეთს მფარველობა სთხოვა. ხელშეკრულების პროექტი ორივე მხარემ მოიწონა და 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო კავკასიის რუსულ ციხესიმაგრე - გეორგიევსკში დაიდო ხელშეკრულება (ტრაქტატი) რუსეთსა და საქართველოს შორის. ამ ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შედიოდა.

სამეფოს სათავეში რჩებოდა მეფე ერეკლე და მისი შთამომავლობა. ქართლ-კახეთის მეფეს ამტკიცებდა რუსეთის იმპერატორი, რომელიც უგზავნიდა მას სამეფო ნიშნებს. ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის მეფეს იმპერატორის ნებართვის გარეშე არ ჰქონდა უფლება ურთიერთობა დაემყარებინა სხვა სახელმწიფოებთან. ქართლ-კახეთის მეფე ვალდებული იყო საჭიროების დროს დახმარებოდა რუსეთს. ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობაში საქართველოს მეფე სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა და რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერეოდა.

ქართლ-კახეთის მშვიდობიანობის დასაცავად რუსეთს საქართველოში მუდმივად უნდა ჰყოლოდა 2 ბატალიონი ჯარი 4 ზარბაზნით. ომის შემთხვევაში კი რუსეთი კისრულობდა საჭირო სამხედრო დახმარებას. იმპერატორი აღთქმას დებდა აგრეთვე, რომ იზრუნებდა, რათა საქართველოს დაბრუნებოდა მტერთაგან მიტაცებული მიწები.

სამწუხაროდ, პირველი სერიოზული გამოცდა, რომელიც საქართველოს სამეფოს მოუხდა, იყო ომარ-ხანის შემოსევა. რუსეთმა საქართველოს რეალური დახმარება არ აღმოუჩინა დამპყრობლებთან ბრძოლაში.

1786 წელს საგარეჯოში შედგა კრება, რომელსაც უნდა გადაესინჯა საქართველოს საგარეო ორიენტაცია. მაგრამ, ორიენტაციის შეცვლა ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ნიშნავდა რუსეთთან ურთიერთობების გართულებას; ამასთან აღარც ირანი და არც თურქეთი აღარ ენდობოდნენ ერეკლე II-ს და ეშინოდათ, რომ რუსეთი ჯავრს იყრიდა.

1790 წელს ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოებს და სამეგრელო-გურიის სამთავროებს შორის დაიდო სამხედრო კავშირი, რომლითაც ისინი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიან მოქმედებას კისრულობდნენ. ამ ტრაქტატს ხელი მოაწერეს ერეკლე II-მ, სოლომონ II-მ, გიორგი დადიანმა და სიმონ გურიელმა. გარდა ამისა, ხელშეკრულების დადებას ქართველები მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებას უკავშირებდნენ, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის შიდა და საგარეო მდგომარეობის გაძლიერებაზე, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებაზე. მითუმეტეს, რომ ასეთი ხელშეკრულების დადებას იმერეთის მეფე სოლომონთან აპირებდა რუსეთის მთავრობა.

1783 წლის ტრაქტატმა და რუსთა ჯარის საქართველოში შემოსვლამ კავკასიელი ხანების შეშფოთება გამოიწვია. თურქეთის მიერ წაქეზებულმა მაჰმადიანმა ხანებმა რუსეთისა და მისი მოკავშირე საქართველოს მიმართ მტრული პოზიცია დაიკავეს. თურქეთთან ომის მოლოდინში რუსეთი იძულებული გახდა დროებით გადაედო იმერეთის მეფესთან ხელშეკრულების გაფორმება.

თურქეთის აგენტები მაჰმადიანებს ”ურჯულოების” წინააღმდეგ ”წმინდა ომისაკენ” მოუწოდებდნენ. ქართლისა და კახეთის წინააღმდეგ ისევ წამოყვეს თავი დაღესტნელმა ფეოდალებმა, რომლის სულიჩამდგმელი და ორგანიზატორი ახალციხის ფაშა იყო. ამიერკავკასიის და აზერბაიჯანელი ხანები საყვედურობდნენ ერეკლეს იმის გამო, რომ მან ამიერკავკასიაში რუსული ჯარები მოიწვია.

ქართლ-კახეთის მეფის მისამართით გაფრთხილებები და მუქარები დაიწყო. გარდა ამისა, განჯამ და ერევანმა შეუწყვიტეს ხარკის გადახდა; მღელვარება დაიწყო კაზახისა და შამშადილუს მაჰმადიანურ მოსახლეობას შორის, რომლებიც აღარ ემორჩილებოდნენ მეფეს. უშედეგო აღმოჩნდა რუსეთის მცდელობა, რომ ენერგიული დიპლომატიური გამოსვლებით აეძულებინა თურქეთი და მისი მოკავშირეები შეეწყვიტათ მტრული მოქმედებები ქართლ-კახეთის სამეფოს წინააღმდეგ.

1785 წელს ხუნძახის ბატონი ომარ-ხანი 20 000-იანი ლაშქრით საქართველოს შემოესია. ომარ-ხანმა გადალახა ალაზანი და იორი, შემდეგ, მტკვარი, ისე რომ წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრია, აჰყვა დებედას ხეობას, აიღო ბორჩალოს ციხე, გაძარცვა და გაანადგურა ახტალის მადნები, ააოხრა ლორე და ახალციხეში გადავიდა. აქედან იგი იმერეთს შეესია, მრავალი სოფელი ააოხრა, გაძარცვა და ტყვეებითა და ნადავლით დატვირთული დაბრუნდა ახალციხეში. რამდენიმე თვის განმავლობაში ომარ-ხანი თავისუფლად დათარეშობდა და მხოლოდ მას შემდეგ გაეცალა საქართველოს, როცა ერეკლე მეორე იძულებული გახდა, მისთვის ყოველწლიური ”ჯამაგირი” – 5 000 მანეთი დაენიშნა. ქართლსა და კახეთს განსაკუთრებით მძიმე დღეების დაუდგათ. მოსახლეობა გადასახადებს ვერ აუდიოდა და იხიზნებოდა. მეურნეობა მოიშალა, შემცირდა და იკლო სახელმწიფო შემოსავალმა. ახტალის მადნები, ომარ-ხანის შემოსევის შემდეგ, ორი წელი არ ფუნქციონირებდა. თურქი დიპლომატები ცდილობდნენ ერეკლე მეორის დათანხმებას, რომ აღედგინა ”მეგობრული” ურთიერთობები სულთანთან და შეეწყვიტა რუსეთთან კავშირი. ამაოდ ცდილობდა თურქეთი ერეკლე მეფისა და მისი თანამოააზრეების დარწმუნებას, რომ მძიმე დღეები საქართველოს სწორედ რუსეთის მხარეზე გადასვლის შემდეგ დაუდგა. ქართველ ფეოდალთა ნაწილი, ერეკლე მეფის თაოსნობით რუსეთთან კავშირის ერთგული რჩებოდა. ერეკლე II-ს ასევე მხარს უჭერდნენ მდიდარი სომეხი ვაჭრები, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებით იყვნენ დაინტერესებულნი.

1787 წლის აგვისტოში რუსეთსა და თურქეთს შორის ახალი ომი დაიწყო. რუსეთი იძულებული იყო ქართლიდან თავისი ჯარი უკან გაეწვია. ამით გახარებულმა მაჰმადიანმა ხანებმა დროებით აღადგინეს ერეკლესთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, თურქეთი ნაკლებად მტრულად ექცეოდა საქართველოს. იმავდროულად საქართველოში მოწინავე პატრიოტული ძალების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა იყო საქართველოს გაერთიანების მცდელობა. მაგრამ აზრი გაერთიანების თაობაზე უარყოფილ იქნა (1784 წ.) იმ მიზეზით, რომ არ გართულებულიყო ურთიერთობები რუსეთსა და თურქეთს შორის: ამ დროს ხომ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო იმერეთს თურქეთი თვლიდა თავის გავლენის სფეროდ. ცდილობდა რა, რომ გაემყარებინა კავშირი ქართლ-კახეთის სამეფოსა და იმერეთს შორის, ერეკლე მეორემ ხელი შეუწყო იმერეთის სამეფო ტახტზე თავისი შვილიშვილის და აღზრდილის, დავით არჩილი-ძის ასვლას, რომელმაც შემდეგ სოლომონი დაირქვა (სოლომონ II, 1789-1810). შორსმჭვრეტელი პოლიტიკური მოღვაწეების მცდელობების შედეგად, რომელსაც ერეკლე მეფის მრჩეველი სოლომონ ლიონიძე ხელმძღვანელობდა, ერეკლეს, სოლომონ II-ს, გრიგოლ დადინსა და ციმონ გურიელს შორის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გაფორმდა. როგორც თვითონ დოკუმენტშია ჩაწერილი ეს იყო ხელშეკრულება, დადებული ”იბერიის მეფეებსა და მთავრებს შორის”. ამ სამხედრო კავშირის თავკაცად ერეკლე II მომგვევლინა.

ერეკლე II-ს ბოლო გამოცდა იყო 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის სემოსევა თბილისზე. ამ დროისათვის ირანში დამთავრდა მრავალწლიანი შინაფეოდალური ომი და გარჯვება ყაჯართა საგვარეულოს წარმომადგენელს, მრისხანე და შეუბრალებელ აღა-მაჰმად-ხანს დარჩა. ირანის ახალმა მბრძანებელმა აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლესგან რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა და ქართლ-კახეთის სამეფოს ირანისადმი დამორჩილება მოსთხოვა. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ლაშქრით საქართველოს დედაქალაქისაკენ გამოემართა და სექტემბრის დასაწყისში უკვე თბილისის მისადგომებთან იყო. ქართველებს დრო არ დარჩათ, რომ ქალაქის დასაცავად მომზადებულიყვნენ, ერეკლე მეორემ მტერს მხოლოდ 5 000 მეომარი დაუპირისპირა, რომელშიც სოლომონ II-ს დამხმარე იმერეთის ჯარიც შედიოდა.

10 სექტემბერს ქართველებმა სოღანლუღთან ენერგიული შეტევით მტრის მეწინავე რაზმები გაანადგურეს. აღა-მაჰმად-ხანი ფრთხილობდა: მრავალ ომში გამოცდილი მხედართმთავრის ერეკლე მეორის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ადვილი ჩანდა და თავისი საქმის წარმატება ეეჭვებოდა. მაგრამ მოღალატეებმა მას აცნობეს ქართველთა ჯარის სიმცირე. ამით გამხნევებული მტერი მეორე დღეს, 11 სექტემბერს, დილით შეტევაზე გადავიდა. კრწანისის ველზე ქართული 5 000-ნი ჯარი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში აღა-მაჰმად-ხანის 35 ათასიან ირანელების ჯარს შეებრძოლა. ეს ყველაზე ტრაგიკული ბრძოლა იყო საქართველოს ერის ისტორიაში. ამ ომში დიდი სიმამაცისა და თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, ქართველები დამარცხდნენ. მაგრამ ერეკლეს შვილიშვილის იოანე ბატონიშვილისა და სხვა ერთგულთა თავდადებამ იხსნა 75 წლის მეფე: მებრძოლი მოხუცი გამოიყვანეს ომის ცეცხლიდან. ერეკლე მთიულეთში წავიდა, სოლომონი კი თავის ჯარით იმერეთს გადავიდა.

გამარჯვებული აღა-მაჰმად-ხანი თბილისში შემოვიდა. მტერმა ქალაქი გაძარცვა, დასწვა, დაანგრია. ირანელებთან დამარცხება დიდი დარტყმა იყო ერეკლესათვის. აღა-მაჰმად-ხანის საქართველოდან წასვლის შემდეგ, ის თელავში დარჩა და დანაშაულისა და მონანიების გრძნობით აღსავსე, თბილისში აღარ დაბრუნებულა.

ერეკლე II-ს გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ავიდა მისი შვილი გიორგი XII. იგი საქართველოს უკანასკნელი მეფე იყო. ვერ გაუძლო რა ირანის აგრესიასა და მისი ძმების სამეფო ტახტზე პრეტენზიებს, გიორგი იძულებული იყო, პავლე I-თვის ეთხოვა საქართველო რუსეთის მფლობელობაში მიღება. 1801 წლის 18 იანვარს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ, რომელიც საბოლოოდ იმპერატორ ალექსანდრე I-ის 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით გაფორმდა.

←  სექციების სია

წყაროები

1. საქართველოს ისტორია საკითხავი წიგნი შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული წიგნების მიხედვით გამომცემლობა ”მეცნიერება” თბილისი - 1991

2. საქართველოს ისტორია ავტორები: ნ. ასათიანი, ვ. გაჩუა, მ. ლორთქიფანიძე, შ. მესხია რადაქტორი ნ. ასათიანი გამომცემლობა ”განათლება” თბილისი - 1990

3. დედა ისტორია ავტორი - ლევან სანიკიძე თბილისი უნივერსიტეტის გამომცემლობა თბილისი - 1986

4. М. Бахтадзе, М. Вачнадзе, В.Гурули. История Грузии (с древнейших времен до наших дней)

5. http://moikompas.ru/compas/georgia

6. http://ru.wikipedia.org

←  სექციების სია